ილია თოფურიას დებიუტი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) 10 ოქტომბერს შედგება
კორეელმა სეუნგ ვუ ჩოიმ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საბრძოლო კუნძულის მეხუთე ღონისძიებაში (Fight Island 5) მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად იუსეფ ზალალს (10-2-0) ილია თოფურია (8-0-0) დაუპირისპირდება. ქართველი სპორტსმენი ესპანეთში ცხოვრობს და ემზადება. ეს მისთვის ყველაზე პრესტიჟულ შერეული საბრძოლო სახეობების ორგანიზაციაში სადებიუტო შეხვედრა იქნება.
ზალალი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ეგიდით მეოთხე ბრძოლას გამართავს. მანამდე მან ოსტინ ლინგო, ჯორდან გრიფინი და პეტერ ბარეტი დაამარცხა. წელიწადზე მეტია, რაც იუსუფს ბრძოლა არ წაუგია. ბოლოს ის 2019 წლის მაისში, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით, მეტ ჯოუნსთან დამარცხდა (LFA 65). ათიდან ხუთი გამარჯვება მებრძოლს მახრჩობელა, ან მტკივნეული ილეთით აქვს მოპოვებული.
თოფურია, რომლისთვისაც ეს დაპირისპირება სადებიუტოა, ოქტაგონში დაუმარცხებელია (8-0). იგი პროფესიონალურ დონეზე უკვე ხუთი წელია ასპარეზობს. ილიამ ბოლო ბრძოლა 2019 წლის ნოემბერში გამართა. ქართველმა მებრძოლმა რვავე ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა.
საბრძოლო კუნძულის მეხუთე ღონისძიება შაბათს, 10 ოქტომბერს გაიმართება. „ქარდის“ მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მარლონ მორაესი და კორი სანდჰაგენი შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ღონისძიებაზე იმავე, ანუ მსუბუქ წონით კატეგორიაში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს გიგა ჭიკაძეც. მისი მეტოქე ომარ მორალესია.