ილია სულამანიძე - რაც უფრო დიდი იქნება ჩემი გულშემატკივრების რიცხვი, მით უფრო მეტი მოტივაცია მექნება #1TVSPORT
ილია სულამანიძე - რაც უფრო დიდი იქნება ჩემი გულშემატკივრების რიცხვი, მით უფრო მეტი მოტივაცია მექნება #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემის გათამაშებაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და თელ-ავივის გათამაშების გამარჯვებული ილია სულამანიძე საქართველოს რადიოს სპორტული თოქ-შოუესტაფეტას“ სტუმრები იყვნენ.

ილია სულამანიძე – დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, ეს ბიჭი დიდი ჩემპიონი გახდება.

„თელ-ავივის გრანდ სლემის გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს“, – ამბობს ლაშა გუჯეჯიანი და დასძენს, რომ მსგავსი რანგის შეჯიბრზე ორი ოქროს მედლის მოპოვება მარტივი ნამდვილად არ არის.

„ჭაბუკობის ასაკიდან ილია სულამანიძის აღზრდა ჩვენი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა, ის ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 23-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობის გამარჯვებული. ახალგაზრდულ ასაკში ტიტულები მას არასდროს აკლდა, დღეს კი, ის უკვე დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია, ასე რომ თელ-ავივის გრანდ სლემი პირადად ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ილია უკვე ძალიან გაიზარდა, რწმენის თვალსაზრისითაც სჯერა საკუთარი ძალების და თელ-ავივში იყო პირველი შემთხვევა როდესაც ილიასთან ერთად ძალიან მშვიდად ვიყავი. ამ სიმშვიდის მთავარი მამოძრავებელი კი ის მომენტია როდესაც ყველანი ერთად ვგრძნობთ, რომ ეს შედეგები ილიას შესაძლებლობების რესურსის მხოლოდ საწყისი ეტაპია.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს მან თელ-ავივში გამარჯვება საკუთარი გამოცდილების და პროფესიონალიზმის ხარჯზე მოიპოვა. „მე გურამ თუშიშვილი ვარ“ – ეს იყო ტატამზე მისი დევიზი და ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ზედმეტად, როგორც სპორტსმენი, ის თელ-ავივის გრანდ სლემის შემდეგ ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე აქამდე იყო და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გურამი ტოკიოში ოლიმპიურ ჩემპიონობას ნამდვილად იმსახურებდა. გურამ თუშიშვილმა ახალი ოლიმპიური ციკლისთვის მზადება უკვე დაიწყო და მჯერა, რომ ის ოლიმპიური მწვერვალის დაპყრობასაც შეძლებს.“

სულამანიძემ ლაშა გუჯეჯიანს შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა და მის შესახებ ისაუბრა.

„ლაშა მას“ მადლობა ამ შეფასებებისთვის, მადლობა თანადგომისთვის და მადლობა მხარდაჭერისთვის. თელ-ავივში უკვე მესამედ ვიჭიდავე, პირველად იმ დროს გამოვედი, როდესაც შეჯიბრი გრან პრის ფორმატით ტარდებოდა, მაშინ სამწუხაროდ დავმარცხდი, მერე მესამე ადგილზე გავედი და ამჯერად უკვე ჩემპიონი გავხდი. ჩვენი მწვრთნელების ძალისხმევით საჭიდაოდ ყოველთვის მზად ვართ და ისინი მუდმივად ცდილობენ ტატამზე შეცდომები ნაკლებად დავუშვათ.

ლაშა მასწავლებელთან ერთად როდესაც ხარ, არ გეშინია არაფრის, ის გუნდს გრძნობს და ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„დღეს საქართველოს გუნდის სიძლიერეზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება, ნამდვილად გამორჩეული თაობაა შედეგების, დამოკიდებულებების და სპორტული მიმართულებების გათვალისწინებით. ის გუნდიც კი არ იყო ასეთი გამორჩეული, სადაც მე ვირიცხებოდი, ჩვენ მაშინ ვიყავით ვარსკვლავები, ეს ბიჭები დღეს უკვე მეგა ვარსკვლავები არიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართველი გულშემატკივარიც ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს და მე როგორც მთავარ მწვრთნელს, სურვილი მაქვს შეფასების ეს თამასა ოდნავ ქვემოთ დავიდეს და ჩვენ ოლიმპიურ თამაშებს შევხვდეთ ფორმის პიკში. ძალიან მინდა ეს არ იყოს ხელოვნური გადაწყვეტილება და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ შეგნების დონეზე“, – ამბობს საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

„ძიუდოზე 5 წლის ასაკიდან დავდივარ. ეს იყო ტყიბულში – მე და ჩემი ძმა მამამ დარბაზში მიგვიყვანა. მამა ძიუდოს ქომაგი იყო და ჩემს პირად მწვრთნელთან გია ობოლაძესთან მეგობრობდა. მაშინ როდესაც 5 წლის ვიყავი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ, როდესაც პატარ-პატარა წარმატებებს მივაღწიეთ, სტიმული მოგვეცა“, – აღნიშნა სულამანიძემ.

საუბარში ლაშა გუჯეჯიანი ერთვება და ამბობს, რომ ილია, რომელიც სკოლაში სამაგალითო მოსწავლე იყო და რომელიც ფანტასტიკურად უკრავს როიალზე, თავიდანვე გამორჩეული სპორტსმენი გახლდათ.

„შეკრებებზე და შეჯიბრებებზე როდესაც დავდივართ მუდმივად იგრძნობა, რომ ვაჟებს სულ მის გვერდით უნდათ ვარჯიში, გოგონებზე უკვე არაფერს ვამბობ, რადგან ყველა ცდილობს ილიას მეგობარი გახდეს.“

ილია სულამანიძე ეროვნულ ნაკრებში პროექტის „2020“-ის ფარგლებში მოხვდა, პროექტს დავით ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა და როგორც ილია ამბობს, სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა ის, რომ ახალგაზრდებმა ეროვნულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები მარტივად დაძლიეს.

„18 წლიდან ჩვენ გავიარეთ დიდ გუნდში დამკვიდრებისთვის საჭირო ყველა გაკვეთილი, როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს თვალს ვადევნებდი, ძალიან ემოციური იყო ის განცდა, რომ ეს ბიჭები შენი მეგობრები და თანაგუნდელები არიან, რომლებთანაც ერთად ხარ ვარჯიშებზე და შეკრებებზე ასეთ წარმატებებს ზეიმობდნენ.

ეროვნულ გუნდში როდესაც გადმოვედი ჭიდაობის სტილის გათვალისწინებით ფავორიტი არ მყოლია, მაგრამ შევნიშე ერთი ადამიანი, რომლის შრომისმოყვარეობა ჩემთვისაც კი გასაკვირი იყო. დიახ, გასაკვირი, რადგან ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე ვარ და ეს იყო ლაშა შავდათუაშვილი. გუნდში, როდესაც პრობლემა იყო სწორედ მაშინ გამოვიდოდა ლაშა გაასმაგებული ენერგიით და ისე ვარჯიშობდა თითქოს დამწყები სპორტსმენი იყო.

რაც უფრო დიდი იქნება ჩემი გულშემატკივრების რიცხვი, მით უფრო მეტი მოტივაცია მექნება. ტყიბულში როდესაც ჩავდივარ, იმხელა სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ, რომ წარმატების სურვილი ორმაგად იზრდება.“

„ყოველთვის ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მეკისრება. ეს გრძნობა რომ არა, მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. დასაწყისი იყო ძალიან მყარი, ჭაბუკების ნაკრებიდან მოყოლებული იყო ეტაპები, რათა მწვრთნელად ჩამოვყალიბებულიყავი, არ მომრიდებია არცერთ საფეხურზე მოღვაწეობა, ვყოფილვარ ასისტენტი, ვყოფილვარ უფროსი მწვრთნელი, შემდეგ ისევ ასისტენტი, ისევ უფროსი… ეროვნულ ნაკრებში ასისტენტადაც ვმუშაობდი და დღეს უკვე მივედით იმ ეტაპამდე, რომ ჩემი შრომა, თავდადება დამიფასდა და დღეს ვარ იქ, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ყველაფერი მომწონს გარდა სიტყვა სამსახურისა, რადგან ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ეს არ არის სამსახური, ეს ის ადგილია, სადაც ლაშა გუჯეჯიანი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში“, – აღნიშნა ლაშა გუჯეჯიანმა.