ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.
ცოტა ხნით ადრე 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. კონტინენტის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უზბეკ დავლატ ბობონოვს სძლია.
მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა ბექა ღვინიაშვილსაც, მაგრამ იგი ბრაზილიელ მაჩედოსთან დამარცხდა. 22 დეკემბერს ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ქართველმა – ვარლამ ლიპარტელიანმა, ონისე სანებლიძემ, გიორგი ბერიაშვილმა (სამივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანმა ქალმა სოფია სომხიშვილმა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულეს.
იერუსალიმის მასტერსი საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.