ილია სპასოევიჩი - „დინამო თბილისში“ ამ გუნდის წევრები ძმასავით მეპყრობოდნენ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ პრესსამსახური მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრებისა და ინდონეზიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს, 36 წლის ილია სპასოევიჩს ესაუბრა, რომელიც ქართული კლუბის ღირსებას 2007-2009 წლებში იცავდა.
„დინამო თბილისის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „მორნარის“ დაპირისპირებაზე, რომელიც 11 ივლისს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება.
სპასოევიჩმა საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა.
„ბედნიერი ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პლეი ოფში გასვლით, რაც შესანიშნავი შედეგია. ამ გუნდის არაერთი წამყვანი ფეხბურთელი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი ჩემი ძველი მეგობრების – გურამ კაშიას, გიორგი ლორიასა და გიორგი გველესიანის ნახვით. „დინამოში“ თამაშის დროს ისინი, როგორც საკუთარ ძმას, ისე მეპყრობოდნენ და ამას არასდროს დავივიწყებ.
შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს ამ დიდ გუნდთან. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პირველად მომიწია სამშობლოს გარეთ ცხოვრება. ნამდვილად რთულია ახალგაზრდულ ასაკში უცხო ქვეყანაში გადასვლა, თუმცა ჩემი საუკეთესო თანაგუნდელები სწრაფ ადაპტაციაში დამეხმარნენ. დღემდე ყველაფერი კარგად მახსოვს – ჩემპიონატში გამარჯვება, თასის და სუპერთასის მოგება, ევროთასებზე ისეთ ძლიერ გუნდებთან თამაში, როგორებიც „პანათინაიკოსი“ და ვენის „რაპიდია“.
„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგაზე ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდს, „მორნარს“ დაუპირისპირდება. ბოლო პერიოდში „მორნარი“ მოძლიერდა და მონტენეგროს ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. დასრულებული ჩემპიონატი და შედეგებიც ამაზე მეტყველებს, თუმცა ამ გუნდს ევროთასზე ასპარეზობის გამოცდილება არ აქვს და დუელში, რა თქმა უნდა, ფავორიტი „დინამოა“. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დაპირისპირება იქნება.
ჩემი მხრიდან კი მინდა, „დინამო თბილისის“ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოკითხვა გადავცე. დიდი მადლობა ფანებს გვერდში დგომისთვის. არასდროს დავივიწყებ მათ და „დინამოში“ გატარებულ პერიოდს. წარმატებას გისურვებთ“.