ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა
ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა

დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, შევთხოვთ უფალს, პეტრესა და პავლეს ლოცვით, მისცეს სოფელსა მშვიდობა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლთან ერთად წმინდა პეტრეს და პავლეს ტროპარი იგალობა.

„ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული და უპირველეს ყოვლისა, ვიგალობოთ მათი ტროპარი. მოციქულები არიან მსოფლიოს მოძღვარნი, დიდი მოციქულები დიდი მოძღვარნი და ჩვენ შევთხოვთ მაცხოვართა ყოველთასა ევედრონ, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. პეტრე მოციქულს მიმართავდა უფალი იესო ქრისტე „შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა მე აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას“. აი, დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა. ეს არის ორი სვეტი პეტრე და პავლე“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა სახარებიდან პეტრე მოციქულის მიერ ქრისტეს უარყოფის ეპიზოდი და თავად მოციქულის ჯვარზე გაკვრის ისტორია გაიხსენა. ილია მეორემ პავლე მოციქულზეც ისაუბრა.

„პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მერე ამბობს, მე რა ღირსი ვარ ისე ჯვარს მაცვათ, როგორც ქრისტე, თავდაღმა მაცვითო და ჯვარზე გააკრეს თავდაღმა. პავლე მოციქული, როგორც რომის მოქალაქე იმას მოჰკვეთეს თავი. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა. დიდი წყალობა მოაქვს ჩვენთვის პეტრესა და პავლეს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ დიდი წყალობისთვის“, – დასძინა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 38-დღიანი მარხვა უძღოდა. მარხვა 4 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. დღესვე ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.