ილია მეორემ ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა
ილია მეორემ ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ წირვა აღავლინა და იქადაგა. პატრიარქმა ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა.

„ადამიანი მომზადებული უნდა იყოს იმ ცხოვრებისთვის. უნდა ემზადებოდეს მომავალი ცხოვრებისთვის. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორებლებს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია, განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისთვის. დღეს ჩვენთან ლოცულობდნენ, წირვას ესწრებოდნენ ავღანეთის ომის მონაწილეები. 5 000 ქართველი მონაწილეობდა ავღანეთში და მათგან 128 ვეღარ დაბრუნდა. დაბრუნდა, მაგრამ გარდაცვალებული. მე მახსენდება შევარდნაძის სიტყვები, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას საბჭოთა კავშირის მთავრობამ დაავალა, გამოეცხადებინა, რომ საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან ჯარი გაჰყავს. ამ შეკრებას ესწრებოდნენ გენერლები და მაღალჩინოსნები. წარმოდგენილი მქონდაო, რომ ტაშით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ გამოცხადებისას არც ერთმა გენერალმა და ჯარისკაცმა არაფერი მოიმოქმედა, არც სიხარული და არც მწუხარება, უფრო მწუხარება. საბჭოთა კავშირს უნდოდა, გაეგრძელებინა ეს მკვლელობა. ღმერთი მოწყალეა, ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის, გარდაცვალებისთვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, – განაცხადა ილია მეორემ.

მირქმის დღესასწაულს უფლისადმი მიგებების დღესაც უწოდებენ. მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა სვიმეონმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება და მაცხოვარი მიირქვა, რის შემდეგაც მისი წამება იწინასწარმეტყველა.