ილია მეორე სალომე ზურაბიშვილს - ჩვენი ეკლესია აქტიურად ამოგიდგებათ მხარში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდეს საქართველოსთვის [ვიდეო]

ჩვენი ეკლესია აქტიურად ამოგიდგებათ მხარში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდეს საქართველოსთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სასიხარულოა, რომ ქვეყნის მიმართ არის ძალიან დადებითი განწყობა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და არ გავუშვათ ეს საკმაოდ ხელსაყრელი დრო. ჩვენს პარტნიორებს შიგნით აქვთ ძალიან ბევრი პრობლემები. ამდენად, ჩვენ გამოვიყურებით, როგორც პატარა, მაგრამ საიმედო პარტნიორი, რომელიც დღეს სჭირდებათ. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ბოლო ენთუზიასტები და მართლაც ასეა, იქ მართლაც ძალიან დამძიმებული სიტუაციაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტებისას ​ქართულ დიასპორასა და სტუდენტებს შეხვდა.

„იქაც იყო ძალიან კარგი განწყობა. სტუდენტების განწყობა საინტერესოა. როცა ვხდები, არ ვეკითხები აპირებ, დაბრუნებას, რა განწყობით ხარ, რადგან უფრო მაინტერესებს, თვითონ დასვან კითხვები და მათი მოსაზრებები მოვისმინო. ერთმა წამოიწყო, მე ვაპირებ დაბრუნებასო და ალბათ ერთ-ერთი ვარ თუ არა ერთადერთიო. მას მოჰყვა ყველა სხვა – აბა, ჩვენც ვაპირებთო, რაზეა საუბარიო. ცხადია, ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ, მაგრამ ეს განწყობა არსებობს. მე ვუთხარი, რასაც მართლა ვფიქრობ. ჩვენი გასაკეთებელია, რომ აქ დახვდეთ, რათა მოინდომონ და როცა ჩამოვლენ, დარჩნენ და გამოიყენონ თავიანთი ცოდნა ამ ქვეყნისთვის. მაგრამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს იქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მთავარია, საქართველოში დაარსდეს, აღორძინდეს და გაძლიერდეს ქართველოლოგიური და კავკასიური ცენტრი.

„ამის შესახებ ვესაუბრე რუსთაველის ფონდის ახალ ხელმძღვანელობას. პრობლემა ის იყო, რომ ძალიან ცოტას აფინანსებდნენ ქართველოლოგიური კუთხით, რადგან უცხოელ ექსპერტებს უფრო ესმით მეცნიერების და ნაკლებად ჩვენი პრიორიტეტების. ვისაუბრეთ ამაზე. ვფიქრობ, მზად არიან, რომ ქართველოლოგიური კვლევებისთვის დაფინანსების კვოტა იყოს მუდმივი. შეფასებები უნდა იყოს, მაგრამ ბიუჯეტის რაღაც პროცენტი იყოს მიმართული როგორც ჩვენი პრიორიტეტი და არ ექვემდებარებოდეს რომელიმე უცხო ექსპერტის შეფასებას. ჩვენი ახალგაზრდებისთვის უნდა გახდეს მიმზიდველი. დღესდღეობით მიმზიდველი არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეპლიკაზე, რომ აღნიშნულ საკითხს თანხები სჭირდება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსთაველის ფონდში თანხები არსებობს.

„სჭირდება თანხები, რუსთაველის ფონდის თანხები არსებობს. საჭიროა, რომ მიმართული იყოს აქეთკენ და ამაში თქვენი ​მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებთან და შეხვედრებთან დაკავშირებით.

„მახარებს, რომ დასაწყისი ძალიან ენერგიული და საქმიანია, თქვენი მოგზაურობები, შეხვედრები“, – განაცხადა ილია მეორემ.