ილია მეორე - მეორედ მოსვლა ახლოსაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ
ილია მეორე - მეორედ მოსვლა ახლოსაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ

მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, წმინდა მეფის  შესახებ ისაუბრა.

პატრიარქმა ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ძალიან აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების „დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდე მისი. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი”,- განაცხადა ილია მეორემ.