ილია მეორე - ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას, რომელიც გარდაუვალია, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში
ილია მეორე - ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას, რომელიც გარდაუვალია, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს; ბზობა – ეს არის დიდი ზეიმი, სიხარულის, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ ისუბრა და აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა იფიქროს, როგორ შეხვდებიან ამ დღეს.

„ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლას. მეორედ მოსვლა გარდაუვალია. „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი“. აი, ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული: „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი… ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.

დღესვე, რამდენიმე სასულიერო პირი დაჯილდოვდა.

„ჯილდოვდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: მღვდელ-მონაზონი სვიმეონი (ეზიაშვილი), დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში; მღვდელი ლაზარე კაპანაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; მღვდელი გიორგი წერეთელი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; მღვდელი თეიმურაზ რუხაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – განაცხადა ილია მეორემ, რომლის ქადაგებასაც საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

✨ „ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში“

📣 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის…

Posted by საპატრიარქოს უწყებანი on Sunday, April 25, 2021