ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს - თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი
ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს - თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და ამერიკის ქართული სამღვდელთმთავროს იუბილეს ულოცავს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემამულენი, ჩვენი ტკივილი ხართ და ამასთან იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემების დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს აშშ-ში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში მადლობას ვუხდით მეუფე საბას (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და საერთოდ, ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშავა ღვთისა და მოყვასის სამსახუროდ.

მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც თქვენი კარგი თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხართ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი, თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თვისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

დატოვე კომენტარი