ილია II - ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული
ილია II - ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული

ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ იან კელის, რომელიც გამოსამშვიდობებელი ვიზიტით საპატრიარქოში იმყოფებოდა.

„გულითადად მოგესალმებით წმინდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით და გისურვებთ დიდ წარმატებას სამომავლო მოღვაწეობაში.

თქვენ რთულ პერიოდში ბრძანდებოდით ელჩი, მაგრამ ბრძნულად გაართვით თავი ყველა პრობლემას.

ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი.

ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე.

მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისა და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს.

მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნითა და ჩვენი მეგობრების დახმარებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება.

რაც შეეხება ეკლესიას, ზოგიერთს ბოლომდე არ ესმის მისი როლი, მისი მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში. ქართველი არასდროს ყოფილა ფანატიკოსი, ის იყო და არის ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი.

ზოგიერთს უკვირს ისიც, რატომ არის ეკლესიის ავტორიტეტი მაღალი საქართველოში, ეს იმიტომ, რომ იგი იცავდა თავის კულტურას, ენას, თავის წარსულს და ეს ხალხის ინტერესიც არის.

როგორც ვთქვი, თქვენ რთულ დროს მოგიწიათ ელჩის მოვალეობის შესრულება, თორემ უფრო მეტი შთაბეჭდილება გექნებოდათ აქაურობაზე.

მაგრამ იმედი მაქვს, არ დაივიწყებთ საქართველოს და შეიძლება ელჩის მოვალეობით არა, მაგრამ ისე ხშირად ჩამობრძანდეთ ჩვენთან.

მინდა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე.

თქვენი მომავალი კარგი იქნება“, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.