ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში.
ასევე, განხილული იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.