ილია დარჩიაშვილმა იენს სტოლტენბერგს ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა
ილია დარჩიაშვილმა იენს სტოლტენბერგს ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატო-ს მინისტერიალზე პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას.

„ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატო-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.