ილია დარჩიაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიმართა - კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ ჩვენს ოპონენტებს მოვუსმენდით და მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას
ილია დარჩიაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიმართა - კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ ჩვენს ოპონენტებს მოვუსმენდით და მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას

საგარეო პოლიტიკის შეფასებისას არმაზ ახვლედიანმა კატასტროფული ვითარება ახსენა. კატასტროფული ვითარება იქნებოდა, თუ ჩვენ მოვუსმენდით ჩვენს ოპონენტებს და მათი ნარატივით, მათი სურვილით, მათი ხედვებით განვავითარებდით საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკა აქვს.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის თანმიმდევრული, ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, ჩვენი ქვეყანა მშვიდობით, კეთილდღეობით ვატაროთ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. მოგწონთ თუ არა ეს, ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თანხვედრაშია, თქვენგან ვერ მივიღებთ პრეტენზიებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია კონსტიტუციურ ნორმად ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილმა უპასუხა სალომე სამადაშვილის კითხვასაც, რომელიც ვილნიუსის სამიტს უკავშირდებოდა.

„ვილნიუსის სამიტი დაგეგმილია ივლისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი. ეს პროცესი გრძელდება. განვაგრძობთ პარტნიორებთან მუშაობას, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების შეკრების ფორმატი არის არასტანდარტული. ალბათ იცით, რაზეც იქნება მთავარი ფოკუსი. შესაბამისად, ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას, რათა, ერთი მხრივ, საქართველო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში, და მეორე მხრივ, დოკუმენტი, კომუნიკე, რომელიც გამოიცემა ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, შესაბამისობაში, თანხვედრაში იყოს ჩვენს ინტერესებთან, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ნატოელი პარტნიორების ინტერესებთან. აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანმიმდევრული, ისეთი, როგორიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვითარდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.