ილია დარჩიაშვილი - უკრაინელი პარტნიორებისგან ხშირად გვესმის ხოლმე გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან
ილია დარჩიაშვილი - უკრაინელი პარტნიორებისგან ხშირად გვესმის ხოლმე გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან

გაუგებარია ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება ამ კონტექსტში, ჩვენ ხშირად გვესმის ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის თქმით, საქართველო უკრაინას გვერდით უდგას და მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ, ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგანაც გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდით დავუდგეთ. საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ასევე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.