ილია დარჩიაშვილი - უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას დავგეგმეთ, გავაგრძელოთ მჭიდრო, პერსონალური ურთიერთობები, რათა მოვიტანოთ ხელშესახები შედეგები ჩვენი ორი ქვეყნისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, რომელიც პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, ორმხრივი შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთან.
როგორც ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეხვედრა შედგა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან, მათ შორის უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, რომელთან საუბრის დროსაც დაიგეგმა მინისტრების მჭიდრო, პერსონალური ურთიერთობების გაგრძელება.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად, მქონდა ჩემს კოლეგებთან ინდივიდუალური შეხვედრის შესაძლებლობა, რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთანაც განსაკუთრებულად გვაქვს დაგეგმილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. ამის პარალელურად, ასევე მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაცია, ორმხრივი შეხვედრა. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვები, ვისაუბროთ საკითხებზე. ჩვენი გამოცდილებაც ასეთი თანამშრომლობისა და ურთიერთობის, რომ გვაქვს ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი, რაც ყოველთვის ძალიან ადგება ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას და დღესაც მსგავს ფორმატში ჩავატარეთ ჩვენი შეხვედრა; დავგეგმეთ, რომ გავაგრძელოთ მომავალში ძალიან მჭიდრო, პერსონალური ურთიერთობები იმისთვის, რომ მოვიტანოთ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჩვენი ორი ქვეყნისთვის.
უკრაინა ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია, უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის განსაკუთრებული მეგობარია და ეს მეგობრობა, ამ ურთიერთობებს აქვს ძალიან მყარი საფუძველი შექმნილი და ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ, დავაშენოთ ამ უკვე არსებულ, არაჩვეულებრივ ურთიერთობას მომავალი და ამისთვის მოტივირებული ვართ. ეს მოტივაცია, სურვილი და განზრახვა ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც იქნება ახალი იმპულსი ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.