ილია დარჩიაშვილი - თბილისმა უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს, ერთობლივი კოორდინაციით უნდა შევძლოთ მშვიდობის განმტკიცება რეგიონში, რაც განსაკუთრებით დღეს არის მნიშვნელოვანი
დღეს გვაქვს პროცესის ლოგიკური გაგრძელება, როდესაც თბილისმა უმასპინძლა მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ჩვენ შევძელით, მხარი დაგვეჭირა ჩვენი პარტნიორებისთვის, მეგობრებისთვის, რომ დიალოგი გაეხსნათ. ჩვენი მოლოდინი ამ პროცესში არის შემდეგი – ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ ჩვენმა მეგობარმა, მეზობელმა ქვეყნებმა ამ მოლაპარაკებების შედეგად კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ; ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი კოორდინაციით და ძალიან ახლო კომუნიკაციით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ჩვენ სწორედ ამ რეგიონში ვიმყოფებით და ამდენად, საერთო უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების კუთხით ჩვენი, სამი ქვეყნის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია-კოორდინაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ვფიქრობ, სწორედ ერთ-ერთი განზომილება არის ეს ფაქტორი, როდესაც ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან განვიხილავთ საერთო, მჭიდრო კოორდინაციას საერთო გამოწვევების, უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავების თვალსაზრისით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაიმართა ორმხრივი ინდივიდუალური შეხვედრები სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან მჭიდრო, დინამიური ურთიერთობები, ჩვენი სამეზობლო თანაცხოვრება, რომელიც დღეს, არსებული საერთო გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახდინოთ საერთო კოორდინაცია და საერთო თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად კოორდინირებულად შევძლოთ ჩვენ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დასრულდა თუ არა ეს შეხვედრა კონკრეტული ხელშესახები შედეგით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებები ყოველთვის არ სრულდება შედეგებით, მოლაპარაკებების ერთი რაუნდის ფონზე და დღესაც მსგავსი შემთხვევა იყო, მაგრამ აქ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრეცედენტი შედგა და ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგი დაიწყო.
„მათ ერთმანეთს გააცნეს ყველა პრიორიტეტული საკითხი, რაც დღის წესრიგში აქვთ, რომელი საკითხებიც აწუხებთ და, რომლის გადაწყვეტაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრით შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმის, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მხარეებმა მჭიდრო კოორდინაციით, შეხვედრების, სხვადასხვა რაუნდის ჩატარების შესაბამისად შეძლონ საკუთარი პოზიციების დაახლოება, რათა მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხები გადაწყვიტონ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თბილისი მომავალშიც მზად იქნება, ორი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს იმ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელიც მათ დღის წესრიგში აქვთ.