ილია დარჩიაშვილი - სიმბოლურია, რომ ქართული დიასპორის დღე დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას
ილია დარჩიაშვილი - სიმბოლურია, რომ ქართული დიასპორის დღე დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გაიმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დიასპორის ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან და იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგა. ილია დარჩიაშვილმა ამ პროცესში ქართული დიასპორის ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დიასპორამ კარგად იცის ევროპული ღირებულებების ფასი და იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რომელთა მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ ეტაპზე აიყვანა. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა წლის ბოლოს მან სათანადო აღიარება ჰპოვოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით განისაზღვრება“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ილია დარჩიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ – მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ დასახელდებიან ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები. მინისტრის განცხადებით, დიასპორის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფებისთვის გაიმართება დისკუსია სამ თემატურ პანელზე: 1. განათლება და კულტურა – „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში“; 2. ბიზნესი და ეკონომიკა – „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის“ და 3. „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიებისა და სამრევლოების როლზე და ქართული დიასპორის დიდ პოტენციალზე სახალხო თუ კულტურული დიპლომატიის მრავალმხრივი პლატფორმის გამოსაყენებლად. მან აღნიშნა, რომ დიასპორას აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს ქვეყნის ცნობადობა, აქტიურად განახორციელოს საქართველოს მიღწევებისა და ევროპული ფასეულობების პოპულარიზაცია და ხელი შეუწყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზებას.

„სახელმწიფო აცნობიერებს ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე  პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, რაც აისახა ქვეყნის განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველოს მხრიდან ევროპულ ოჯახში დამკვიდრების მცდელობა და ქვეყნის სწრაფვა ევროპული მომავლისკენ წინაპრების მიერ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიღებულ, გააზრებულ არჩევანს ეფუძნება. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა ერთ-ერთ ასეთ ცნობილ ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეზე, ალექსანდრე ლომთათიძეზე, რომლის ნეშტიც, ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საქართველოში 26 მაისს ჩამოასვენეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალექსანდრე ლომთათიძე მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და გახლდათ ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე.

გამოსვლის დასასრულს, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრსა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.