ილია დარჩიაშვილი - შევახსენებ მოქალაქეებს, როდის მიიღო წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, ეს იყო აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე
ილია დარჩიაშვილი - შევახსენებ მოქალაქეებს, როდის მიიღო წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, ეს იყო აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე

მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა. ეს იქნა მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი  არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ“.

„ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, თავიანთ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას  მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, – აღნიშნა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.