ილია დარჩიაშვილი - საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები
ილია დარჩიაშვილი - საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები

საქართველო ნორვეგიას განიხილავს როგორც ახლო მეგობარს და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიკენ ჰუიტფელდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ანიკენ ჰუიტფელდის საქართველოში ვიზიტი არის საქართველოსთვის მეგობარი ნორვეგიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დადასტურება.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ საქართველოში ჩემს კოლეგას, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მისი ვიზიტი არის ნათელი დასტური საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკისა და გამოხატულებისა, ნორვეგიის პასუხისმგებლიანი ჩართულობისა და სოლიდარობისა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩვენთვის მეტად რთულ გეოპოლიტიკურ დროს და კონტექსტში. ღრმად ვაფასებ მინისტრის როლს და მის პირად ჩართულობას ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფის პროცესში. საქართველო ნორვეგიას განიხილავს, როგორც ახლო მეგობარს და სანდო პარტნიორს, რომელთანაც აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები უფრო მშვიდობიანი, მდგრადი და თანასწორი მსოფლიოს მშენებლობისთვის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წელს საქართველო და ნორვეგია აღნიშნავენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მეგობრულმა კავშირებმა და მჭიდრო თანამშრომლობამ არაერთი მიმართულებით მოგვიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორის, მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით. მსურს, მადლიერება გამოვხატო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი ნორვეგიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის, როგორც ექსპერტების ჩართულობის, ასევე ფინანსური კუთხით. აღნიშნული დახმარება უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისთვის და ვიმედოვნებ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით.

მსურს, მადლობა გადავუხადო ნორვეგიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და ასევე ნდობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღნიშნული უპირობო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მხრივ ამ ძალზე მძიმე და არსებულ არასტაბილურ გარემოში, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვან გზაზე.

„ვისაუბრეთ პროცესებზე, რომელიც ვითარდება დღეს საქართველოში და ძალისხმევაზე, რომელსაც სწევს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო შეუქცევადი პროცესი გახდეს. ნორვეგიულ მხარეს გავაცანით იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც უკვე გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ და გეგმაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით. ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, ძალზე მჭიდროდაა დაკავშირებული ევროკავშირის ერთიან ბაზართან. საერთო ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში მონაწილეობით, ნორვეგიის გამოცდილება ამ მიმართულებით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გზას გაგვიხსნის ე.წ. ოთხი თავისუფლებისკენ, რითაც ნორვეგია დიდი ხანია, სარგებლობს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ისაუბრეს, ეხება ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას შავ ზღვაზე.

„ვისაუბრეთ საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლზე და ჩვენს მიზანზე, გავხდეთ სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ციფრული რეგიონული ცენტრი. საქართველო თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას შორის და შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირის გლობალური კარიბჭის, სტრატეგიის, მიზნების რეალიზაციასა და შედეგად ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან ერთად მაქვს პატივი, დღეს მონაწილეობა მივიღო საქართველოში ნორვეგიის საელჩოს ოფიციალურ გახსნაში. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას თბილისში ჩამობრძანებისთვის. როგორც აღვნიშნე, მისი ვიზიტი არის საქართველოსათვის მეგობარი ნორვეგიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო დადასტურება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.