ილია დარჩიაშვილი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური
ილია დარჩიაშვილი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური

ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარსა და ევროპარლამენტარს, საუბარი გვექნება მოლოდინებზე, შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენს მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.

„როგორც ცნობილია, საქართველო არის ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში ჩვენს მიერ შევსებულ კითხვართან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, დაახლოებით 15 ივნისისთვის იქნება მზად, რაც არის შუალედური პროცესი, სანამ დოკუმენტი გადაიგზავნება კომისიაზე შემდგომი განხილვებისთვის. შესაბამისად, ჩვენ პარალელურად ვაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას, მათთან ვაგრძელებთ შესაბამის განხილვებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარს და ევროპარლამენტარს. რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი ჩვენს მოლოდინებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენს მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია, ძალიან შინაარსიანი, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოს აქვს ამ პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს, ილია დარჩიაშვილის თქმით, მისი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო მყარად ადგას რეფორმების გზას.

„ევროპარლამენტის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პარლამენტის განზომილებას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ხვალინდელი, ევროპული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ჩემი მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებთან იქნება ის, რომ საქართველო მყარად ადგას რეფორმების გზას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველომ ეს გზა გაიაროს დაჩქარებული ტემპით. ჩვენი ხვალინდელი დღის წესრიგი ნამდვილად იქნება ამბიციური და ჩვენ ამ პროცესში ნამდვილად გვჭირდება ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ჩვენ მათთან ერთად ძალიან მჭიდროდ და ძალიან კოორდინირებულად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი განვითარების შემთხევაში, საქართველო გააგრძელებს საკუთარი ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენთვის ეს ცნობილია. შესაბამისად, ჩვენი ევროპული გზა არის შეუქცევადი პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, საქართველო, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის მხარდაჭერას, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს შესაბამის გზავნილს, შესაბამის ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან. ჩვენი განხორციელებული რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.