ილია დარჩიაშვილი - საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის მადლიერია
ილია დარჩიაშვილი - საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის მადლიერია

საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და მადლიერია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიელ კოლეგა ანიკენ ჰუდფელდტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ადამიანის უფლებების მიმართულებითაც. ითქვა, რომ აღნიშნული მწვავე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი ფორმატია რუსეთის ფედერაციასთან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

ასევე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და მადლიერია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის.

მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას, ერთიან და მტკიცე პოზიციას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.