ილია დარჩიაშვილი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი.

„ორივე მხრიდან ხაზი გაესვა 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ და, შედეგად, საქართველომ გადაინაცვლა გაფართოების პაკეტში.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას და ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას და პრაქტიკულად მოამზადებს ქვეყანას წევრობისთვის. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე, განხილული იქნა როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.