გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკოს დენდიასს, რა დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართული მხარე მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კავშირები.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს და აღნიშნეს მაღალ დონეზე მჭიდრო კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობა. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.