ილია დარჩიაშვილი - პარტნიორების განწყობა პოზიტიურია, მათი ყველა განცხადება არის საყურადღებო, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურობს გერმანია, რაც ჩვენთვის ძლიერი მხარდამჭერი იმპულსია
ილია დარჩიაშვილი - პარტნიორების განწყობა პოზიტიურია, მათი ყველა განცხადება არის საყურადღებო, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურობს გერმანია, რაც ჩვენთვის ძლიერი მხარდამჭერი იმპულსია

პარტნიორების ყველა განცხადება ჩვენთვის საყურადღებოა. ბოლო პერიოდში გერმანია ძალიან აქტიურობს. ეს ჩვენთვის ძლიერი მხარდამჭერი იმპულსია, რათა უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გუშინდელ განცხადებას, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ამ მიმართულებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

„ზოგადად, ჩვენს პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია, რაც გვაიმედებს, გვაძლევს ძალას, რომ მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას.

ცალსახად მინდა ვთქვა, რომ იმპულსები, შეფასებები და, ზოგადად, გარემო არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი პარტნიორები მეტად ინტერესდებიან იმ საქმით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ინტერესდებიან, რა არის ჩვენ მიერ დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.