ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა

12-13 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდერ შტუბთან.

ასევე, შეხვედრა გაიმართება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანდერს ადლერკროიცს, ევროკავშირის საკითხებში ფინეთის პარლამენტის დიდი კომიტეტის წარმომადგენლებს და ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მატიას მარტინენს.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.