ილია დარჩიაშვილი - ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია, მადლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი წვლილისთვის
ილია დარჩიაშვილი - ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია, მადლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი წვლილისთვის

ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია. მადლობა ბრიტანეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი წვლილისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიმს კლევერლთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯეიმს კლევერლთან შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე.

„ჯეიმს კლევერლთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქართველი ხალხის ცივილიზებული არჩევანი. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და პროგრესზე მთელი რიგი პრიორიტეტების მიმართულებით, რომლის საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია წარმოადგენს. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია. მსურს, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მივესალმები გაერთიანებული სამეფოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელსაც რუმინეთთან ერთად ასრულებს და ხელს შეუწყობს ბრიტანეთის მეტ ჩართულობას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიური და ენერგეტიკული მიმართულებით. ახალი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე. აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობაზე. დეტალურად განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. გავცვალეთ ინფორმაცია უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გაწეული აქტიური ძალისხმევის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული მიმართულებით. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები.

ბრიტანელ კოლეგასთან შედგა გულწრფელი და ამომწურავი საუბარი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს უპირობო მხარდაჭერის შეუქცევადობა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ჯეიმს კლევერლის საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მისგან გვაქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანი დღეს ეწვევა საოკუპაციო ხაზს და საკუთარი თვალით იხილავს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.