ილია დარჩიაშვილი - მოტივირებული და ფოკუსირებული ვართ, რომ 12 პრიორიტეტი შევასრულოთ, ფრანგ კოლეგას დავპირდი, რომ ჩვენი ძალისხმევა ამისკენ იქნება მიმართული
ილია დარჩიაშვილი - მოტივირებული და ფოკუსირებული ვართ, რომ 12 პრიორიტეტი შევასრულოთ, ფრანგ კოლეგას დავპირდი, რომ ჩვენი ძალისხმევა ამისკენ იქნება მიმართული

ყველამ, ვინც საქართველოს ეხმარება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესში, კარგად უნდა შეძლოს და გაიაზროს, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო უწყებაში ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რას უპასუხებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ აკეთებს საკმარისს და აქვს თუ არა შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი.

დარჩიაშვილის თქმით, სრულყოფილად შესრულებისთვის ნებისმიერ რეფორმას სჭირდება წლები, დიდი ძალისხმევა და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთ ან ორ წელში შეიძლება, სრულყოფილი სასამართლო რეფორმა ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ.

„ამას სჭირდება წლები და დიდი ძალისხმევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როდესაც ვაფასებთ საქართველოს პროგრესს, ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული დოკუმენტებით, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომლებიც ქვეყანამ გადადგა. ის, რომ ქვეყანამ დაასრულა სასამართლო რეფორმის უზარმაზარი მეოთხე ფაზა, საჭიროებს შესაბამის პოზიტიურ შეფასებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგული მედიის წარმომადგენელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობისას აუცილებელია ევროკომიის შეფასებებით ხელმძღვანელობა.

„რაც შეეხება 12 პუნქტს და მასთან დაკავშირებულ შეფასებებს, მინდა, გთხოვოთ, როდესაც თქვენი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში იმუშავებთ ამ კონკრეტულ თემაზე და შეეხებით საქართველოს, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ევროკომისიის მიერ გაკეთებული შეფასებებით იმ დოკუმენტებზე, რომელი დოკუმენტებიც ჩვენმა მთავრობამ, ყველა საჯარო უწყებამ მოამზადა და გააგზავნა ბრიუსელში.

ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მომდინარეობს იმ კითხვებზე, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ბრიუსელიდან და შესაბამისად ვრეაგირებთ. შარშან მივიღეთ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით პირველი შეფასება დეკემბერში, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და სულ ახლახან ჩვენ კიდევ ერთხელ, ბრიუსელის მოთხოვნის შესაბამისად, პირველად გაფართოების ფარგლებში, მოვამზადეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც, ბრიუსელიდან მიღებული პირველადი შეფასებით, ასევე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. სწორედ ესაა, რითიც უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები და ჩვენ, ყველანი მოტივირებული და ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ და სწორედ ამაზე გვქონდა ქალბატონ მინისტრთან საუბარი. ამაზე დავპირდით მას, რომ მომავალში ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა ამ პრიორიტეტების შესრულებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.