ილია დარჩიაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ ურთიერთობებზე, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა
ილია დარჩიაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ ურთიერთობებზე, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა

მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც მისმა ძალისხმევამ მოიტანა ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის დაახლოებასა და, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.