ილია დარჩიაშვილი - ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯისთვის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებაა აუცილებელი, ამიტომ ვცდილობთ, წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურადაც გვქონდეს აქტიური ურთიერთობები
ილია დარჩიაშვილი - ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯისთვის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებაა აუცილებელი, ამიტომ ვცდილობთ, წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურადაც გვქონდეს აქტიური ურთიერთობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მიერ კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს შემდგომი ნაბიჯისთვის.

დარჩიაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების გარდა, პარალელურად ცდილობენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურადაც ჰქონდეთ აქტიური, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები.

„ერთია, ჩვენ რომ ძალიან დინამიკურად ვავითარებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, მაგრამ ყველამ ვიცით და მსურს, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული, არის თითოეული წევრი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, ყველას თანაბარი ხმა და კონტრიბუცია აქვს ამ პროცესში. მათი კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯისთვის. ამიტომ ჩვენ, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების გარდა, პარალელურად ვცდილობთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურადაც გვქონდეს ძალიან აქტიური, დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას თავისთავად მოაქვს მათი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი იტალიაში. გვქონდა ძალიან შედეგიანი საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე მქონდა შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან. მოვაწერეთ ხელი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბებას. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც უფრო ახალ სიმაღლეზე და სივრცეში აიყვანს ჩვენს დინამიკურ ურთიერთობებს. იტალია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ მეტად გააქტიურდება, რათა, ერთი მხრივ, გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ხოლო მეორე მხრივ, იტალია გვყავდეს, როგორც ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.