ილია დარჩიაშვილი - კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, ვეხმარებით სამკურნალოდ ჩასულ ბავშვებს, რათა დროულად მოხდეს სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება
ილია დარჩიაშვილი - კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, ვეხმარებით სამკურნალოდ ჩასულ ბავშვებს, რათა დროულად მოხდეს სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება

ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საელჩო მაქსიმალურად ეხმარება ყველას, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.

„სპეცრეისებზე როდესაც ვსაუბრობთ, სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ოთხი-ხუთი ფრენა, რომელსაც ასრულებს სხვადასხვა კომპანია. მინდა, აღვნიშნო, რომ დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენებით, რომლებიც ისრაელიდან ჩამოფრინდნენ საქართველოში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენს საელჩოს რამდენიმე ცხელი ხაზი აქვს გახსნილი. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან. არიან ჯგუფები, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასული. მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას.

მინდა, ვთქვა, რომ ფრენებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. მესმის, შეიძლება, ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენა, მაგრამ ფრენები არის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის არ იყოს ბარიერები და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები.

ვაგრძელებთ კომუნიკაციას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში არიან გამოუვალ მდგომარეობაში. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში. ძირითადად, რაც შემოდის ჩვენი მოქალაქეებიდან, კონკრეტულ დღეს სურთ ბილეთის შეძენა. ჩვენ ვეხმარებით მათ კომუნკაციაში ავიაკომპანიებთან და ახლო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. ამას გავაგრძელებთ და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი, რათა სამშობლოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.