ილია დარჩიაშვილი - ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან დროულია და დარწმუნებული ვარ, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს
ილია დარჩიაშვილი - ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან დროულია და დარწმუნებული ვარ, ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ახორციელებს ერთობლივ ძალისხმევას, რათა ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს საგარეო მიმართულებით, ჩვენი გამოცდილებით, ეს ძალიან შედეგიანია. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მუშაობს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ყველას თავისი ღირებული ადგილი აქვს ამ პროცესში. ძალიან გვახარებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პარალელურად, საკანონმდებლო ხელისუფლება აქტიურად, შედეგზე ორიენტირებულად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, მათი პრიორიტეტების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო დავუახლოვოთ ევროკავშირს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული და რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ხალხის ინტერესებიდან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან დროული და აუცილებელი იყო.

„ტრადიციულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი საგარეო ვიზიტები ყოველთვის შედეგზე ორიენტირებულია, მოაქვს კონკრეტული შედეგები და ბრიუსელი-საქართველოს, ბრიუსელი-თბილისს შორის მუდმივად არსებული დიალოგი ძალიან ღირებულია, რათა ჩვენ განვახორციელოთ ყოველდღიური საგარეო პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი იქნება ახალი იმპულსი, რათა ჩვენ კიდევ უფრო მოვახდინოთ აქსელერაცია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების. ვფიქრობ, ძალიან დროულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მოიტანს თავის კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.