ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. დადებითი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის საკმაოდ დინამიკურ და შინაარსობრივად დატვირთულ დღის წესრიგს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და ხავიერ კოლომინას მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა. ასევე, საუბარი შეეხო 2024 წელს დაგეგმილ ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს.

ილია დარჩიაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესში მისი წვლილისთვის.