ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში ცალსახად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს და კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას ბევრი მიმართულებით
ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში ცალსახად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს და კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას ბევრი მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განახორციელა უმნიშვნელოვანესი, ისტორიული ვიზიტი, რომელიც ცალსახად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს და კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას ბევრი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტსა და პრემიერთან.

„შეხვედრები იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, სადაც გაკეთდა მთავარი აქცენტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად დაახლოება. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, როგორც ცნობილია, გავრცელდა ერთობლივი განცხადება ორი ქვეყნის სახელით. ამ განცხადებაში მოცემულია კონკრეტული განზომილებები, მიმართულებები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ორმა ქვეყანამ ურთიერთობა მომავალში. მთავარი აქ ხაზგასმულია, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული კარგი, ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები გადადის ახალ ფაზაში, ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა განზომილებას, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ურთიერთობები არის ახალი ფაზა სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ იმპულსს მოიტანს.

„რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს ძალიან დინამიკური სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და სწორედ ეს პოლიტიკური, კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობები ახალ იმპულსს მისცემს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების თანამშრომლობას. მსგავსი ტიპის კავშირები დამატებით უზრუნველყოფს ხალხთა შორის დაახლოებას კულტურის, საგანმანათლებლო და სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი არის  მნიშვნელოვანი და ისტორიული. არცერთ ლიდერს, რომელმაც განახორციელა საქართველოდან ჩინეთში ვიზიტი, მსგავსი გამოხმაურება არ ჰქონია და მსგავსი შედეგები არ მოუტანია. სწორედ ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ისტორიული, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ჩინეთთან კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გააძლიერებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.