ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი იაპონელ კოლეგას შეხვდა

ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს იაპონელმა კოლეგამ, იაშიმასა ჰაიაშიმ უმასპინძლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველო-იაპონიის მრავალწლიან გამორჩეულ მეგობრობასა და პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიც არის ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი.

„მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის კონტაქტებს, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ერთიან ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის განვითარების ისეთ პოტენციურ სფეროებზე, როგორებიც არის ეკონომიკა, დაკავშირებადობა, მდგრადი განვითარება, ენერგოუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტები“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ ეკონომიკური განვითარებასა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ასევე აღნიშნეს ის მზარდი როლი, რომელიც არსებული გამოწვევების ფონზე აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ენერგეტიკული ფუნქციის გათვალისწინებით.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს აქვს დიდი და სტაბილური საინვესტიციო პოტენციალი და იაპონური მხარე დაინტერესებულია ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარებით.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ.

მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც ორივე ქვეყანაში ჩატარდა საიუბილეო წლის აღსანიშნავად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.