ილია დარჩიაშვილი - გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროპულ ინტეგრაციას
ილია დარჩიაშვილი - გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროპულ ინტეგრაციას

გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას როცა ეხება საკითხი, ამ დროს ოპოზიციაც და პოზიციაც ერთიანი უნდა იყოს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები დღეს დარბაზში აღარ იმყოფებიან. მათ დასვეს კითხვები და დარბაზში აღარ არიან, თუმცა ალბათ, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, მაყურებელს უნდა ვცეთ პატივი. პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ პირადად მე ამ საკითხს. ბატონო პაატა, გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო პერიოდში შეუერთდნენ ევროკავშირს, ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყნები, თვალს თუ გადაავლებთ შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას და მათი ხელისუფლების ოპონენტების პოზიციონირებას საგარეო ფლანგზე, ვნახავთ, რომ ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, საკითხი როცა ეხებოდა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, იქ პოზიციები ყოფილიყო ფორმირებული, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავთ.

ყველას შეუძლია, ჩვენი ოპონენტებიდან თავი მიაკუთვნოს „ომის პარტიას“, რომელიც თავისი განცხადებებით, უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულებების გაზიარებით, საუბრით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროპულ მომავალს. საუბრობდით ევროკავშირის იმპერიის დაშლაზე, ჩემთვის უცნობია, რომელ გადაცემებს უყურებთ. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის განხორციელებას, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი გუნდი თანმიმდევრულად ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ხალხის ინტერესებს, მათ კეთილდღეობას ემსახურება.

„მეორე მხრივ, ჩვენ ვპოულობთ თანხვედრას იმაში, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება და ეს იყოს თანხვედრაში, ეს იყოს შესაბამისობაში. გაგახსენებდით 2010 წელს, თუ რამემ დააზიანა ეს ქვეყანა, დააზიანა მაშინდელმა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ვიზების გაუქმების შესახებ რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს არის რეალობა. შესაბამისად, არ გამოვა და ვერ მოახერხებთ, რომ სხვას დააბრალოთ ის, რაც თქვენ გააკეთეთ. ჩვენ ვემსახურებით სახელმწიფოს კეთილდღეობას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკაა, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

„ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკაა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ამ პოლიტიკის განხორციელებას ყველა ვემსახურებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.