საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ესპანეთის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მაღალი შეფასება მიეცა მადრიდის მხრიდან ნატოს სამიტის მასპინძლობას და საქართველოს მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე დღის წესრიგზე, ასევე საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე. ამ მხრივ დადებითად შეფასდა საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება. მინისტრებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.