ილია დარჩიაშვილი - ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის
ილია დარჩიაშვილი - ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირობებში განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც ქმნის დამატებით გამოწვევებს.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის. ხდებოდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით საკითხებს აყენებდნენ ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და მუდმივად ხდებოდა პარტნიორების ინფორმირება ამის შესახებ.

„სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. მათ შორის, მინდა, გამოვყო რამდენიმე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ რეკორდულად მაღალი მხარდამჭერი ხმებით, 95 ხმით მიიღო. წელს რეზოლუციას თანასპონსორობა, თანაავტორობა გაუწია 61-მა ქვეყანამ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, წელს მისი თანასპონსორი და თანაავტორი იყო 48 ქვეყანა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2022 წლის 30 ივლისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის სამი მაღალჩინოსნის მიმართ, ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდში. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა იყო მიმართული ამ გადაწყვეტილებების ეფექტურად გამოყენებისთვის და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.