ილია დარჩიაშვილი - დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დიალოგს, თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა
ილია დარჩიაშვილი - დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დიალოგს, თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა

საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“ პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ჯერ კიდევ 2021 წელს გააჟღერა და მოძმე სახელმწიფოებს თბილისში მედიაციის პლატფორმის შექმნა შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი დღე სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა.

მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოჩენილი ნდობისთვის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მედიაციით მიმდინარე ეს დიალოგი რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დიალოგი საქართველოში, თბილისში მიმდინარეობს. თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“, გაჟღერებული გაერო-ს ტრიბუნიდან. დღევანდელი დღე სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში.

ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.