ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბელგია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას
ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ბელგია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას

დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელგიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა და კულტურის მინისტრი, რომელთანაც ჩვენ გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს განსაზღვრული და უკვე მეოთხე შეხვედრაა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბელგიელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთოები.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის, საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იქნება, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მობილიზება ბელგიის სამეფოსი, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ორმხრივი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ის სექტორები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს. ცხადია, ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ის დღეს საოკუპაციო ხაზზსაც ეწვევა. მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ბელგია, დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.