ილია დარჩიაშვილი - ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს
ილია დარჩიაშვილი - ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსა და ჩინეთს შორის დღეს ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს.

„დღეს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების ისტორიაში მოხდა კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ამოქმედების შემდეგ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში ერთჯერადად დაყონ 30 დღე. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი გამოხატულებაა და ურთიერთთანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ქართულმა მხარემ გასული წლის სექტემბრიდან აამოქმედა, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც განსაკუთრებული ტურისტული და ბიზნესშესაძლებლობების მქონე ქვეყანაში, მეტი ჩინელი ტურისტის, ვიზიტორის მოგზაურობას. ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთაშორის მეგობრობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება-გაღრმავების თვალსაზრისით.

უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას. თავისთავად, ეს ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. ხელს შეუწყობს ხალხთაშორის კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას. იმედი მაქვს, ჩვეულებრივი პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ჩინეთის საზოგადოებისათვის საქართველო კიდევ უფრო ხილვადი და ცნობადი გახდება. ეს ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის შემდგომ დაახლოებას.

ილია დარჩიაშვილმა ჩინეთის ხელისუფლებას და საქართველოში ჩინეთის ელჩს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას და საქართველოში ჩინეთის ელჩს გაწეული სამუშაოსთვის, საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, შეთანხმება კიდევ უფრო გაამარტივებს მოგზაურობას საქართველოსა და ჩინეთს შორის, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და ჩინელი ხალხის, მეგობარი ხალხების დაახლოებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.