ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 10 პროცენტით გაიზარდა
ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 10 პროცენტით გაიზარდა

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ღირებულება 10 პროცენტით გაიზარდა. სატენდერო დოკუმენტაციის მონაცემებით, თავდაპირველად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულების ღირებულება 7 820 989 ლარი იყო, 22 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით კი, 8 603 099 ლარამდე გაიზარდა.

„ობიექტზე არსებული ფაქტიური მდგომარეობის შესწავლისას, უკეთესი ხარისხობრივი და ვიზუალური ეფექტის უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, წარმოიშვა საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების საჭიროება“, – წერია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ხელშეკრულებით, თანხის 60 პროცენტის ანაზღაურება 2019 წლის ბიუჯეტიდან, 40 პროცენტის კი, 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. ადგილზე საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება ხდება.