ილჰამ ალიევმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა
ილჰამ ალიევმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.