ილჰამ ალიევმა ბაქოს მეექვსე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მან ბაქოს მეექვსე უბანზე ცოტა ხნის წინ მისცა ხმა. აღნიშნულ ოლქში 20 კანდიდატი იყრის კენჭს.
ცოტა ხნის წინ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა აზერბაიჯანის ცესკო-მ. მათი ინფორმაციით, აქტივობამ 10:00 საათისთვის 12,57 პროცენტი შეადგინა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის 5573 უბანი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ხუთ მილიონ ამომრჩეველზე მეტს აქვს.
როგორც აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, არჩევნებში დარეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის კანდიდატი. მათი რაოდენობა 1314-ია.
არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. საკუთარი კანდიდატურა 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ასევე არიან დიდი რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატები.
წინასწარი პროგნოზებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველ პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღებს.
ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს. არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. მათი შეფასება ორშაბათს გახდება ცნობილი.
საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00-ზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აშუქებს 130-ზე მეტი უცხოური მედიასაშუალება. მათ შორის არის საქართველოს პირველი არხი.