ილჰამ ალიევის თანაშემწე - დარწმუნებული ვართ, აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობარ ერებს შორის განხეთქილების გაღვივების მსურველთა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება
ილჰამ ალიევის თანაშემწე - დარწმუნებული ვართ, აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობარ ერებს შორის განხეთქილების გაღვივების მსურველთა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება

დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობარ ერებს შორის განხეთქილების გაღვივების მსურველთა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ალი ჰასანოვმა დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეებში მსგავსი პროვოკაციების მზარდი რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების სულისკვეთებას, არ შეიძლება, არ იწვევდეს გარკვეულ კითხვებს ორივე მხარის. ექსპერტების დონეზე განხილვებისას უკვე ისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ როგორც ჩანს, ვიღაცას სერიოზულად აწუხებს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები და არსებობენ ძალები, რომლებიც ამ ქვეყნებისა და მათი ერების დაპირისპირებას ცდილობენ. განხილვებისას ასევე ისმის გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, რა ძალებია ეს.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების წინააღმდეგ მიმართულ ბოლო პროვოკაციას უდაოდ აქვს მიზანი პირდაპირი დარტყმა მიაყენოს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ამიტომ ორივე ქვეყნის შესაბამისმა სტრუქტურებმა სერიოზული გამოძიება უნდა ჩაატარონ, გამოავლინონ ძალები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს პროვოკაცია და მიიღონ მათ მიმართ ქმედითი ზომები“, – აღნიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწე.

ალი ჰასანოვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ელჩი უკვე მიიწვიეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები მოსთხოვეს. ამასთან, პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ინციდენტი დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გამოძიების ჩატარების პირობა დადო.

„რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ერები მომავალშიც, ამგვარ მომენტებში გამოცდილებისა და სიბრძნის გამოვლენით არ დაუშვებენ ემოციებს, შესაბამისი ოფიციალური ინსტანციები კი პრინციპულად უზრუნველყოფენ იმ ძალებისა და პირების გამოვლენასა და დასჯას, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული ქმედებების ჩადენაში, ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებაში. არ შეიძლება დავუშვათ, რომ უცნობი წრეები გამოდიოდნენ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების სიბრტყეში, ასეთ მცდელობებს ერთხელ და საბოლოოდ ბოლო მოვუღოთ“, – განაცხადა ალი ჰასანოვმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, განვითარებულ მოვლენებში აშკარად იკვეთება მსხვილი ძალების ინტერესები და მათ მიერ შიდა პოლიტიკური ძალებით მანიპულირების მცდელობები.

„ამას გარდა, ამჟამად ძირითადად გარე ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზოგიერთი დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში ცდილობენ, მომხდარი ინციდენტი და სენსიტიური მომენტები გამოიყენონ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში“, – ამბობს ჰასანოვი.