ილჰამ ალიევი - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერნი, ორი მეგობრული, მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ
ილჰამ ალიევი - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერნი, ორი მეგობრული, მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ: ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი, დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს

„წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება იყოს ძალით უზრუნველყოფილი. ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაერო-ს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, ვთქვა ამ შესავლის შემდეგ, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, რადგან ჩვენს ხალხებს აქვთ მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ მრავალი წლის განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ უკვე. ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ, ბატონო პრემიერო, მოგესალმებით აზერბაიჯანში“, – განაცხადა ალიევმა.