ილჰამ ალიევი - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ
ილჰამ ალიევი - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ

სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ალიევი ამბობს, „სომხეთი ბოლო დროს მთიან ყარაბაღში ლიბანიდან ოჯახებს ასახლებს“.

„ყარაბაღში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ყარაბაღის მოსახლეობა მცირდება და ამიტომ სომხეთი იქ უცხო ქვეყნებიდან ასახლებს ხალხს. ეს არაკანონიერია. ყარაბახში არსებულ მეჩეთებს შეურაცხყოფენ, ჩვენი წინაპრების საფლავებს ანგრევენ.

როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია, ეს ტყუილია. როცა მე ვამბობ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს სიმართლეა.

საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო არენა ჩვენს მხარესაა, აღიარებულია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიისადმი სამხედრო მიზნები არ აქვს

„ბოლო დროს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ პროვოკაციებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. ივლისის თვეში სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით ისევ არტილერიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩვენი სამხედროები და ერთი მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა. არავისთვის საიდუმლო არ არის რომ ცეცხლი, მათ შორის ცეცხლი არტილერიიდან სომხეთმა გახსნა და პირველი გარდაცვლილებიც აზერბაიჯანის სამხედროები იყვნენ. აზერბაიჯანმა მტერს საკადრისი პასუხი გასცა და მათ ერთი სანტიმეტრითაც წინ ვერ წამოიწიეს. მტერი გაჩერებული იქნა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნა. ჩვენი საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხური მხარე იძულებული გახდა მწარე დამარცხებას შეეგუოს.

მე ამის შესახებ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ ჩვენი სურვილი იქნებოდა, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები შეგვეძლო, ჩაგვეტარებინა. მაგრამ ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, მაშინ რამდენიმე დღის მერე ცეცხლი შეწყდა“,- განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, სომხეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანას აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.