ილჰამ ალიევი - საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ქვეყანა, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს
საქართველო-აზერბაიჯანს გვაქვს მაღალი დონის, რეგულარული კავშირები, პოლიტიკური დიალოგი. ორი მოძმე, მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები მშვიდობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების, ძმობის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. დღესაც ასე გრძელდება. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებიც მაღალ დონეზეა. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის და უფრო დიდი გეოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობებიც ვითარდება. მაღალი დონის კავშირები გვაქვს. გვაქვს რეგულარული კავშირები, პოლიტიკური დიალოგი. ორი მოძმე, მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობის და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არამარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის. დღეს ჩვენ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის – ეს არის ჩვენი საერთო საკითხი, საერთო პროექტები. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასია გადაიქცა კონფლიქტების არენად. იმედი მაქვს, ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დასრულდება ყველა კონფლიქტი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის პირველ ვიზიტი აზერბაიჯანში მნიშვნელოვანია.
„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ, შემიძლია, ბევრი ვისაუბრო. მხოლოდ ის მინდა, აღვნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს მის გადაწყვეტილებას. არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს აქვს სიმბოლურობა და ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.