ილჰამ ალიევი - საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, როგორც ამას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მანდატი ავალდებულებს
ილჰამ ალიევი - საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, როგორც ამას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მანდატი ავალდებულებს

საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, როგორც ამას თანათავმჯდომარის მანდატი ავალდებულებს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ფრანს 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თითოეულ ქვეყანას ჰყავს მოკავშირეები და მეგობრები ეროვნულ დონეზე, ზოგიერთ ქვეყანასთან უფრო აქტიური, ზოგთან კი ნაკლებად აქტიური კავშირები აქვს. ეს ნორმალურია და არავინაა ამის წინააღმდეგი. თუმცა, თუ რომელიმე ქვეყანას შუამავლის მანდატი აქვს, მაშინ დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა სომხეთიც და აზერბაიჯანიც, ნეიტრალიტეტს ელიან. ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ნეიტრალიტეტს“, – განაცხადა ალიევმა.

ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის სამხედრო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი ყალბ ცნობებს უწოდებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი იყენებს თურქეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აღჭურვილობას, ისევე როგორც რუსეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ შეიარაღებას. თუმცა, რაც შეეხება თურქულ კონტინგენტს, ალიევის თქმით, ის ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

ამასთან, ილჰამ ალიევის განმარტებით, ეფ-16 ტიპის თურქული ავიაგამანადგურებლები ქვეყანაში თურქეთთან წარმოებული ერთობლივი წვრთნების შემდეგ დარჩა. თუმცა, მათ არ იყენებენ.