ილჰამ ალიევი – რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი შეთანხმება ერევნისთვის კაპიტულაციის აქტი იყო, თუმცა ამ ტერმინში არ უნდა ვეძებოთ დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა

13:41, 12.08.2026

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამმხრივი შეთანხმება ერევნისთვის ფაქტობრივად კაპიტულაციის აქტი იყო, რადგან სომხეთი დანებდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები გასროლის გარეშე დაუბრუნდა.

„აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო, ერთი გასროლის გარეშე დაგვიბრუნდა. ბუნებრივია, სომხეთმა ეს ნებაყოფლობით არ გააკეთა, ჩვენ ვაიძულეთ ამის გაკეთება. ომის პირობებში მეორე მხარეს თუ აიძულებ ასეთი ნაბიჯის გადადგმას, ნიშნავს, რომ მეორე მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ტერმინში არ უნდა ვეძებოთ რაიმე დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა. ეს უბრალოდ რეალობაა. ჩვენი ისტორია უნდა ვიცოდეთ ისეთად, როგორიც არის, ასევე, არ უნდა დავივიწყოთ და არ დავუშვათ ისტორიის დამახინჯების მცდელობაც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნისთვის ენერგეტიკის მთავარი წყაროა, თუმცა ის მოძველებულია და კონტროლს არ ექვემდებარება. შესაბამისად კი, მისი თქმით, სომხეთი, შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

„ჩვენი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად სომხეთში ელექტროენერგიის გადამცემი ანძების დამონტაჟების ზუსტი ადგილებიც კი იქნა გამოვლენილი. იმედი მაქვს, სომხური მხარე ამ საკითხსაც არ გადადებს. რადგან, პირველ რიგში, შესაძლოა, ეს თავადაც დასჭირდეთ. მათი ენერგიის ძირითადი წყარო დღეს ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. ეს პირველი საკითხია; მეორე, ეს ელექტროსადგური მოძველებულია და საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. აზერბაიჯანმა და თურქეთმა არაერთხელ გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. ამ ელექტროსადგურის სიცოცხლის ხანგრძლივობა განუსაზღვრელი ვადით, არ შეიძლება, გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან ის უნდა დაიხუროს. ბუნებრივია, თუ დაიხურება, სომხეთი მთლიანად ენერგეტიკულ კრიზისში ჩავარდება. ამიტომ, როგორც ამბობენ, ენერგიის დამატებითი წყაროს არსებობა მხოლოდ სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი